ქათმის ან ინდაურის საცივი
რეცეპტი
მომზადების წესები:
მომზადების წესები
გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ნახევრად მოვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ წვენიდან, დავდოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ ღუმელში შესაწვავად.
ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და მასში მოვშუშოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი. შუშვის დროს დავამატოთ ბულიონიდან მოხდილი ცხიმი და თან ვურიოთ რომ არ დაიწვას. როცა ოდნავ ვარდისფერს მიიღებს, ჩავასხათ ბულიონაში.
ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ გავატაროთ.
ყვითელი ყვავილი (ზაფრანა) კარგად დავნაყოთ მარილთან ერთად, ჩავანაყოთ ნიორი, ავურიოთ ნიგოზში და ხელით ვსრისოთ, სანამ საკმაო რაოდენობის ზეთს არ გამოვხდით. ცალკე დავნაყოთ ნიგოზთან ერთად უცხო სუნელი, დარიჩინი, მიხაკი, ქინძის მარცვლები, წიწაკა.
ყველაფერი ეს გავხსნათ თბილ ბულიონში, კარგად მოვურიოთ, გავატაროთ საცერში და დავდგათ ნელ ცეცხლზე მოსახარშად.
ორი კვერცხიშ გული გავხსნათ ერთ სუფრის კოვზ ძმარში და როცა საცივი თითქმის მზად იქნება, ნელა ჩავასხათ და თან სულ ვურიოთ, რომ არ აგვეჭრას. ადუღებამდე ჩავაწყოთ შიგ ნაჭრებად დაჭრილი შემწვარი ინდაური ან ქათამი და წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან. როცა მზად იქნება, საცივი ამოვიღოთ ლანგარზე და სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.